ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია - კარლ ჰარცელი

14 ივლისი 2022, 11:12 594 ნახვა

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება - ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე.

 

ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია.

"ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია.

ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი.

 

გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, საქართველომ მთელი რიგი რეფორმები წარმატებით განახორციელა.

„ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის, მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში ევროკავშირში იხილონ თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ როგორც აქამდე მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის.

 

მაგრამ, ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“,- აღნიშნავს ჰარცელი.

კარლ ჰარცელის განმარტებით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს სურს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული ნახოს, „სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება“.

მისივე განცხადებით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი