ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღი შესაძლოა შავ ბაზარზე აღმოჩნდეს, რის გამოც ისინი საბრძოლო ტექნიკის გადაცემაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა ფაინენშელ თაიმსი წერს.
გამოცემა ორ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა კიევთან ერთად განიხილავს კონტროლის სისტემის შექმნას ან გამოყოფილი შეიარაღების დეტალური ჩამონათვალის შედგენას. მათი თქმით, მთელ შეიარაღებას უკრაინა პოლონეთის სამხრეთიდან სატრანსპორტო საშუალებებით ღებულობს, შემდეგ შეიარაღების კვალი ქრება და არავინ იცის, სად მიემართება ის, სად იყენებენ მას უკრაინელები ან რჩება თუ არა საერთოდ ეს შეიარაღება ქვეყანაში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იური საკი ირწმუნება, რომ შეიარაღების ნებისმიერ გადაადგილებას - უკრაინაში ან უკრაინიდან, როდესაც ეს საჭიროა შეკეთების ან აღდგენის მიზნით - ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან უკრაინის ხელისუფლება და მისი საერთაშორისო პარტნიორები.