“წერილი ეხმაურება „ქართული ოცნების" წევრების ნარატივს” - ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას ამერიკის ელჩმა.
“ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი, ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს. მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო კვლავ იმ საკითხზე, რაც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, რომ თითქოს აშშ-ს ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო.”- განაცხადა კელი დეგნანმა.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.