საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ღირსების მედლები გადაეცათ, უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ქალაქ ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს თანამშრომლებს.
კერძოდ, დაჯილდოვდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, გიორგი ზაქარეიშვილი; ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული, თორნიკე ბერეკაშვილი; უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსის მრჩეველი, კუკური თოფურია; უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული, ნანა ჩაბრავა; საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ლვოვში, იაროსლავ მუზიჩიკო.
"თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. ძალიან მძიმე დროს, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს, თქვენ შეინარჩუნეთ უკრაინაში საქართველოს არა მხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახე. როდესაც ძალიან ბევრმა ჩვენზე დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა ლვოვში ან საზღვრების გარეთ, თქვენ შეძელით და თქვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელა მუშაობა, ჩვენი დიასპორის, იქ მაცხოვრებელი ქართველების დახმარება. წამოსვლის მსურველების დახმარება და ადგილზეც ყველანაირი დახმარების გაწევა თავშესაფრის კუთხით და სხვა ბევრი ფორმით. მგონი, ეს ფაქტი არასაკმარისად არის ხაზგასმული, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენსა და უკრაინას შორის არსებულ ძალიან დიდი ხნის მეგობრობასა და სოლიდარობაზე. ის ფაქტი, რომ საქართველომ არ შეწყვიტა მართლაც ურთიერთობა ამ ძალიან რთულ პერიოდში და თქვენ არ ტოვებთ თქვენს ადგილს, რაც უნდა მძიმე პირობები იყოს. თუნდაც როცა იყო უშუალო საფრთხე კიევში რუსეთის ჯარების შემოჭრის, მაშინაც თქვენ ეხმარებოდით ადამიანებს, რომ იქ თავშესაფარი მოწყობილიყო. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და სოლიდარობის. ამას თქვენ გააგრძელებთ. ვიცი, რომ თქვენ ხართ მართლაც იმ ქართული დიპლომატიის წარმომადგენელი, რომლითაც ჩვენ, ყველანი ვამაყობთ. ეს არის დიდი ტრადიცია და ამ ტრადიციას თქვენ აგრძელებთ ღირსეულად. ჩვენ, ყველამ შეიძლება, ვიამაყოთ იმით, თუ როგორ მოიქცა საქართველოს საელჩო და ყველა საკონსულო ამ მძიმე პერიოდში. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.