''აზოვსტალში“ სისხლიანი დაპირისპირება გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს სამხედროებს ,,აზოვსტალის'' ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. შტურმი ახლა, სწორედ ამ გვირაბებში მიმდინარეობს.
ვიდეომიმართვაში ლეგიონ „აზოვის“ მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მეორე დღეა, მტერი ქარხნის ტერიტორიაზეა, უკრაინელები კი აგრძელებენ თავდაცვას.
უკრაინა აგრძელებს „აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად მოლაპარაკებებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უკრაინა მზად არის,- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპის დროს ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს.
,,აზოვსტალის'' ქარხანაზე რუსეთის თავდასხმებს გაერო გმობს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც. ამ ეტაპზე გაეროში დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალში“ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება 5, 6 და 7 მაისსაც, 08:00-დან 18:00 საათამდე. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.