სტამბოლში ახალი წლის ღამეს თავდასხმა განხორციელდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღამის კლუბში გახსნილი ცეცხლის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გავრცელებული ცნობით, პანიკაში მყოფი რამდენიმე ადამიანი თავის შველის მიზნით, ბოსფორში გადახტა. ამ დროისთვის პოლიცია ბოროტმოქმედებს ეძებს. მანამდე, სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი სამართალდამცველია. მან მომხდარი ტერაქტად შეაფასა. თავდასხმა სანტა-კლაუსის კოსტუმში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ადამიანმა განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაული ორმა პირმა ჩაიდინა. ტრაგედიის გამო თურქ ხალხს ბარაკ ობამამ, ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მიუსამძიმრეს. ახალი წლის ღამეს სტამბოლში უსაფრთხოებას 17 ათასი სამართალდამცველი იცავდა. გამკაცრებული ზომები მთელი თურქეთის მასშტაბით იყო მიღებული.