პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა წარდგენილი ყველა კანდიდატი ელჩად დანიშნა - მთავრობა საკითხს უარყოფს

29 მარტი 2022, 20:51 699 ნახვა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან  არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

"პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი, ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას", - წერია მთავრობის განცხადებაში.

განცხადებას მალევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ, სადაც წერია, რომ პრეზიდენტისა, თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

"საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში