შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ პოზიციას არ იცვლის - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით იღებს.
''ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უკრაინელებთან. ამ თვალსაზრისით რაც ზელენსკიმ თქვა ან მოითხოვა, არაფერი ყოფილა მოულოდნელი. ჩვენ რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვიყოთ, ჩვენც მოვითხოვდით ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რადგან ის უყურებს თავის ქვეყანას და ხალხს, რომელსაც თავს სასტიკად ესხმის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის ჯარი.
მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან იღებს. როგორც აქამდე გვითქვამს, ეს მოითხოვს ჩვენგან პოტენციურად რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, რაც იგივეა ნატომ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მესამე მსოფლიო ომში შესვლით," - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.