რუსეთი "Meta"-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

11 მარტი 2022, 17:35 1455 ნახვა

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს "Meta"-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

"ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონის შესაბამისად რუსეთის პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალოს კომპანია "Meta"-ს საქმიანობა", - წერია პროკურატურის მიმართვაში.


ცოტა ხნის წინ, უკრაინაზე თავდასხმის გამო, "Meta"-მ დროებით შეცვალა ძალადობასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით წესები, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით ნება მიეცა გამოაქვეყნონ პოსტები, რომლებიც შეიცავს რუსული ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებს, ასევე დაშვებულს ხდის ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა "სიკვდილი პუტინს", "სიკვდილი ლუკაშენკოს".

კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ძალადობისკენ მოწოდებებს არ დაუშვებენ.

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დაშვებულს ვხდით პოლიტიკურ გამოხატულებებს ძალადობრივი მოწოდებების სახით, როგორიცაა "სიკვდილი რუს ოკუპანტებს", რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ მაინც არ დავუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი ხალხის მიმართ", - წერია "Meta"-ს განცხადებაში.


კომპანია "Meta" ფლობს "Facebook"-ს, "Instagram"-სა და "Whatsapp"-ს.

​გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის გენერალური პროკურატურა "instagram"-ზე წვდომის შეზღუდვასაც მოითხოვს.

ცოტა ხნის წინ, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე დაბლოკა "Facebook“-ი და "twitter“-ი. დაგეგმილია "wikipedia"-ის
დაბლოკვაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში