ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო კიდევ სამი სკოლა დაიხურა და სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ესენია: ქობულეთის N1, ჩაისუბნის N2 საჯარო და ქობულეთის წმინდა კირიონ II სახელობის სკოლები. კორონავირუსი როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებსაც დაუდგინდათ.
ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის განცხადებით, მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეაჩერონ და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
კორონავირუსის გამო დღეს დაიხურა, გელაურის დასახლებაში არსებული, საბავშვო ბაღიც. აქ ვირუსი ძიძას და ორ პედაგოგს დაუდგინდა. ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბაღი 13 თებერვლამდე დაიხურა, თანამშრომლები კი იზოლაციაში გადავიდნენ.