მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ხულოსა და შუახევში დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა დილიდან დაიწყო. მერიის ინფორმაციით, იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. იმის გამო, რომ გადაუღებლად თოვს და ცუდი ხილვადობაა, სამუშაოები დროში გაწელილია.
ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო გზებზე ლიპყინულია, რის გამოც რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება.
რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, აქ ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. კურორტ გოდერძის მიმართულებით კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდება. სტიქიის საგანგებო შტაბში უკვე შევიდა რამდენიმე ზარი, რომელიც უგზოობასთან იყო დაკავშირებული.
სკოლებში მეცადინეობა არ შეწყვეტილა, თუმცა დასწრება დაბალია.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ხულოში შეფერხებები არ არის, შეზღუდვებია შუახევის ხუთ სოფელში, სადაც ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.
ქედაში თოვა გუშინ ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარი მეტრით მოიმატა. დიდთოვლობის გამო, გუშინ გაწმენდილი გზები დღეს თავიდან გასაწმენდია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება თემებთან დამაკავშირებელ გზებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. ქედაში 15 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ქედის მერიის ორი ერთეული ტექნიკა დღეს დილიდან დაბის ქუჩებს წმენდს.
გადაუღებელი თოვის გამო აქაც შეზღუდულია ხილვადობა. ქედაში შეზღუდვებია ელექტრო მომარაგებაში. შუქი არ მიეწოდება ზვარის, კვაშტისა და ზესოფლის აბონენტებს. თუმცა ენერგო პრო ჯორჯიაში გვითხრეს, რომ დაზიანების ადგილი უკვე მიკვლეულია და შუქი მალე აღდგება.