ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს, ქალაქში კი დაახლოებით 15-20 სანტიმეტრია. მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც თოვს, ინტენსიური თოვა იყო მთელი ღამის განმავლობაშიც.
უხვმა ნალექმა მოსახლეობას გადაადგილების და ენერგო მომარაგების კუთხით პრობლემები შეუქმნა. ჩაქვისთავის, ცხემვანას, შუაღელეს, ქაქუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ რამდენიმე სოფელში დიდთოვლობამ, მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრო ხაზები და კომპანიის კუთვნილი ინფრასტრუქტურაც დააზიანა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, ყველა მიმართულებით ტექნიკური ჯგუფები გასულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ქალაქის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა არ არის.
გადაადგილების კუთხით განსაკუთრებული პრობლემებია მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში. როგორც სოფლის შიდა საუბნო, ასევე სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელ გზებზეც.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ფაქტობრივად ხელახლა უხდებათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაწმენდილი გზების, თოვლის საფარიდან გასუფთავება.
მათივე განცხადებით, ამ დროისთვის 8-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზები ეტაპობრივად გაიწმინდება.
"პირველ ეტაპზე ცენტრებთან მისასვლელი გზები გაიწმინდება და შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე დამაკავშირებელი გზების გაწმენდა მოხდება"- აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.
ქობულეთის მერიაში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. ქობულეთის მერის ლევან ზოიძის განცხადებით, დილიდან მერიის ყველა სამსახური ჩართულია პროცესში.
მათივე ცნობით, გზების გაწმენდის პროცესში, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სამი ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული. ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები ჯერჯერობით არ ფიქსირდება.