მიზნად დავისახეთ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა ერთ მილიარდ დოლარამდე - ნიკოლ ფაშინიანი

20 დეკემბერი 2021, 14:28 1094 ნახვა

წინადადება მაქვს, განვაგრძოთ მუშაობა და მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის 1 მლრდ დოლარამდე სავაჭრო ბრუნვას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

"2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა ერთ მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ ერთ მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას.

მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დინამიურია. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ამ სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სფეროებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს, ეს ეხება არა ხოლოდ ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი შევხვდით უკვე 4-ჯერ, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონე განვსაზღვროთ და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ",- განაცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვია. ცოტა ხნის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი