პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ - პრეზიდენტი

10 დეკემბერი 2021, 20:08 957 ნახვა

დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით იმართება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.

მისივე განცხადებით,  დებს პირობას, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

"საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა:

სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით.

ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება.

ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია.

ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას.

თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.

ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი