ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები, ''პუფები'' და მონუმენტები დადგეს - რას ფიქრობენ მოქალაქეები 

06 დეკემბერი 2021, 12:11 1898 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე დღის წინ ჯერ შავი, ქვისგან ჩამოსხმული საპიკნიკე მაგიდები და ქვის თეთრი პუფები გამოჩნდა, მოგვიანებით ქვის სკულპტურები, მათ შორის ''ბიჭი წიგნით''. 

ცენტრალურ პარკში ქვის სკამების გამოჩენას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა და ბათუმის მერიის იდეა არ მოეწონათ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისა განაცხადეს, რომ პარკში ისევ ძველი ხის სკამები ურჩევნიათ, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულია. 

''ქვის სკამების დადგმას აზრი არ ჰქონდა, რადგან ზამთარში ცივია და ზაფხულში ცხელი, შესაბამისად ვერ გამოიყენებ...  ხარჯი საჭირო არ იყო და ჩემთვის მისაღები არ არის. რამდენიმე ადგილას ისევ ძველი სკამები დგას, ის მოვძებნეთ და დავჯექით'' - ამბობს მოქალაქე. 

(სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პარკში, სხავდასხვა ადგილას ხუთი ცალი ''პუფი'' დაიდგმება. თითოეულის ფასი კი 3 400 ლარია)

''საზოგადოებას რატომ არ გვკითხეს არაფერი, როცა მილიონამდე ლარს ხარჯავდნენ. ტრადიციულად პოსტ ფაქტუმ ვგებულობთ, თუ რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს, ჩვენივე საჯარო სივრცის მოსაწყობად. ეს ცუდი პრაქტიკაა'' - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც. 

რაც შეეხება თანხებს, ახალი დიზაინის სკამებისა და დეკორაციებისთვის ბათუმის მერიამ 997 600 ლარი გამოყო. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. 

კეთილმოწყობის სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში ცენტრალურ პარკში ასევე განთავსდა მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინვენტარი. სამუშაოები კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აღნიშნული მონუმეტისთვის 33 000 ლარი დაიხარჯა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში