ამ ქოლცენტრების უკან, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დგას - პრემიერი

28 ოქტომბერი 2021, 14:40 1433 ნახვა

რეალურად, ამ ქოლცენტრების უკან, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მორიგი უსუსური მცდელობა, „მთავარი არხის“, გვარამიას მორიგი ბოდვა, რა თქმა უნდა, ეს არის სრული სიცრუე და გეტყვით, რა ხდება რეალურად. რეალურად, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ამ ქოლცენტრების უკან, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სპეკულაცია ან გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამის თაობაზე სიუჟეტები მომზადებული, სავარაუდოდ დგას ბატონი კეზერაშვილი.

მას ქოლცენტრები ჰქონდა უკრაინაში, მე მგონი ახლაც აქვს, აქაც ჰქონდა მცდელობა და რეალურად, გამოძიებისგან, რომელიც ნახეთ და რომელშიც ჩვენს პროკურატურასთან ერთად ჩართულია გერმანიის პროკურატურაც, ძალიან მალე თქვენ კიდევ საინტერესო დეტალებს გაიგებთ. ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთ შვედურ გამოცემაში და თქვენ შეგიძლიათ, თავად  მოიძიოთ აღნიშნული ინფორმაცია, ეს არ არის ჩემი ინფორმაცია. მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა შვედეთის საინფორმაციო საშუალებებში. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კეზერაშვილი, ჩვეულებრივი მძარცველი. როცა კითხვას დამისვამთ კეზერაშვილის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე, იცოდეთ, რომ პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დააკავა ორგანიზებული ჯგუფის 7 წევრი, რომლებმაც საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი.

ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი