გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, შესაძლებელია გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც - სუსი

30 სექტემბერი 2021, 16:11 1377 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე.

სუს-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე და გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც.

„მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი კატასტროფული კრახი განიცადა, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის განცხადება სრულიად პოლიტიზებული, არაკვალიფიცური და დანაშაულებრივი ქმედება იყო.

„დღეს დამიბარეს სუს-ში, მივედი, მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია თქვენი ლიკვიდაციის შესახებ, რომ ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია და მეუბნებიან, რომ თქვენ გარდა კიდევ იხილება სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია. რამდენჯერმე ვკითხე, დასტურდება თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, მეუბნებიან, უცხოეთის მოქალაქეები არიანო. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული ვარ, რომ გამოვიდა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მოყვა, შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ იდენტიფიცირებული გვყავს პირებიო, პრაქტიკულად მათ უთხრა, იდენტიფიცირებული ხართო, მოყვა, რომ დაცვის ღონისძიება გამიორმაგეს, პრაქტიკულად უთხრა, ჩემი დაცვა ახლა უფრო რთულია, მინიშნება მისცა პრაქტიკულად, მოყვა სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც ჩემთვისაც არ უნდა ეთქვა. როცა მე გამოვედი ვთქვი, რომ იმედი მაქვს, ეს წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის-თქო. არავითარი ეგეთი იმედი აღარ მაქვს, რადგან ახლა უკვე ეჭვი მეპარება, რომ ერთი თვის წინ მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ, რისი ეჭვი მაშინაც არსებობდა. ახლა საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა.

სუს-ის განცხადება ჩვენ პრაქტიკულად არ მოგვისმენია, ფარული ჩანაწერების გამოყრაზე. ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების დაზაფვრას, განსაკუთრებით მედიასაზოგადოების. ახლა უკვე ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უცხოეთის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. არავინ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ათქმევინებენ მათ. მეორე ვარიანტია, ამით გადაიფარება ის, რაც მიმდინარეობს ტელეკომპანია „ფორმულაში“. მინდა ამ ქვეყანაში ყველას ვუთხრა, რომ არც დაზაფვრა არ გამოვა, გახსნილი ტერაქტებით, რომელიც არ შეიძლება ილაპარაკო, ვიდრე არ დააკავებ ადამიანებს.

არ გამოვა „ფორმულას“ დაშინება, არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, არაფერი ეს არ გამოვა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, კატასტროფული კრახი განიცადა „ქართულმა ოცნებამ“, 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი