ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში მცხოვრები ანანიძეების 6 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო სახლი მეწყერის საშიშროების წინაშეა. ასევე, მათი თქმით, დაზიანებულია საცხოვრებლის საძირკველი და სახურავი, რის გამოც სახლში დარჩენა საფრთხეს შეიცავს. ოჯახი ვარაუდობს, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეწევათ სათანადო დახმარება. მსგავსი ვითარება აქვს სოფელ წყავროკაში მცხოვრებ ჩოგაძეების სოციალურად დაუცველ 6 წევრიან ოჯახს, ოჯახის თქმით, დახმარება მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ თხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სოციალური დახმარების გაცემა მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ნიშნით არ ხდება. მერის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების სახით ანანიძეების ოჯახს 5.000 ლარი ჩაერიცხა, თუმცა ოჯახმა თანხა მიზნობრივად არ გამოიყენა. რაც შეეხება ჩოგაძეებს, ქათამაძის ინფორმაციით, სოციალური დახმარება აღნიშნულ ოჯახსაც გაეწია, გუშინ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი კი კომისიას ჯერ არ დაუთვლია.