ხვალ საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება, რთული ეპიდვითარების გამო მოსწავლეები ისევ დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან.
იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს, ერთ-ერთი პირობა პედაგოგების ვაქცინაციაა, საამისოდ აუცილებელია მინიმუმ 80 პროცენტი იყოს აცრილი, თუმცა ეს მაჩვენებელი საქართველოში ჯერ ისევ დაბალია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო სკოლების პერსონალის 55 პროცენტია აცრილი ერთი დოზით, 33 % კი სრულად.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელი. მისი მოსაზრებით, აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეს.
ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში სასწავლო პროცესის კლასებში განახლება 4 ოქტომბრიდან იგეგმება.