ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
NCDC-ს საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია ცენტრის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძემ ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე - ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და რეაგირების საკითხებზე.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
