13 წელი აგვისტოს ომიდან

07 აგვისტო 2021, 20:30 1155 ნახვა

13 წლის წინ 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს.

ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. ბევრი ადამიანი დაშავდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. სწორედ ამ დროს რუსეთმა, მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, სამხედრო ნაწილების საქართველოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო.

მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს. საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, ღამით მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს. ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. თუმცა, მალევე კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა.

საკუთარი საცხოვრებელი 150-მა ათასმა  ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი