მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ წოდებულ დათა ვანიშვილს რამდენიმე წუთში დაკრძალავენ. მოქალაქეებმა მავთულხლართებთან მისვლა დილიდან დაიწყეს და მავთულხლართები ყვავილებით შეამკეს. ოკუპირებულ მხარეს გარდაცვლილი დათა ვანიშვილის ნათესავების და ახლობლების მხოლოდ ნაწილი შეუშვეს. ისინი დილიდან იმყოფებოდნენ მავთულხლართებთან, ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში და „საზღვარზე“ გადასვლის ნებართვას ელოდებოდნენ. დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა 10 წლის განმავლობაში ებრძოდა. ის ხურვალეთში ჩასულ ვიზიტორებს, მათ შორის მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს, მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს. მისი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ის უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე, რის გამოც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.