თოვს შუახევშიც. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 5-10, მაღალ ზონაში კი, 20-30 სანტიმეტრია. ნალექის დიდი რაოდენობა მოვიდა სოფელ ნაღვარევში, სადაც თოვლის საფარი 50 სანტიმეტრია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ღამის საათებში დენის მიწოდება შეუწყდა შუბნის, ოლადაურის, დღვანის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულებს. დაზიანებული სადენების აღდგენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხებულა. მაღალ ზონაში გადაადგილდებიან ორხიდიანი ავტომანქანები. შუახევის გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელზეც ნაადრევი თოვლით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის ღონისძიებებზე იმსჯელეს.