ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ დრო თვის ბოლომდე ითხოვა - წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობა

09 მარტი 2021, 16:39 1239 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფლების წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი შეხვედრით კმაყოფილნი არიან. მათივე თქმით, თორნიკე რიჟვაძემ მათი პრობლემის გადასაჭრელად თვის ბოლომდე ვადა ითხოვა.

"დღევანდელი პანდემიიდან გამომდინარე, რა როგორ გადაწყდება ამის პასუხს თვის ბოლოს გავიგებთ. თვის ბოლომდე აიღო მთავრობამ დრო რომ საკითხი გადაწყვიტოს. საკმაოდ დადებითი პასუხი მივიღეთ, თანხმობა გარემონტებაზე, ოღონდ რა ფორმით იქნება ჯერ არ ვიცით, რომ გვეკუთვნის და ჩვენ რომ მართლები ვართ არ უარყოფს და ჩვენს გვერდით დგას,  უნდა რომ საკითხი გადაწყვიტოს.

მთავრობა ფიქრობს რომ ხალხს დაეხმაროს, ეს დავინახეთ ბატონ თორნიკესთან. ამ პანდემიიდან და გაჭირვებიდან გამომდინარე რა, როგორ იქნება, ამისთვის დრო არის საჭირო, რომელიც ითხოვა და თვის ბოლოს გვეცოდინება ყველაფერი დაზუსტებით" -განაცხადა ვაჟა აბაშიძემ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი თვის ბოლომდე დაელოდებიან აჭარის მთავრობიდან პასუხს და იმის მიხედვით იმოქმედებენ.

"დაველოდებით ბატონ თორნიკეს პასუხს თვის ბოლომდე, იმედი გვაქვს ღმერთის, რომ ეს დაზარალებული ხალხი, დამეწყრილი სოფლიდან, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ხალხი დაკმაყოფილდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ" - განაცხადა ჯაბა შაინიძე

ორი სოფლის - წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა მათთვის გადაცემული სოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო თანხას ითხოვენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში