„ჰერითიჯის“ ფონდმა საქართველო უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში შეიყვანა - მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:35 727 ნახვა

„ჰერითიჯის“ ფონდმა საქართველო უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში შეიყვანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პანდემიით გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში დამაიმედებელ და პოზიტიურ ინფორმაციას გვინდა, გამოვეხმაუროთ. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.

ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონავირუსით გამოწვეული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე, ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც საბოლოოდ სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება.

საქართველოს, ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა.შ.“ – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

„ჰერითიჯის“ ფონდმა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი 2021 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში