პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით - საია

24 თებერვალი 2021, 12:55 900 ნახვა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა.

საიაში აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით.

მათივე განცხადებით, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით შეიკრიბა მასშტაბური საპოლიციო ძალა, ხოლო დაკავების პროცესში შენობაში შეკრებილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ წიწაკის გაზი. ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება.

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით“, - ნათქვამია განცხადებაში

საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით, ასევე მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება.

საია-ს განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი