დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, აუცილებელია შემსუბუქების პარალელურად 2 კვირიანი დაკვირვება, იმის დადგენა თუ როგორ მიჰყვება შემსუბუქებას ეპიდსიტუაცია და ამის შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
"ბოლო ერთ კვირაში აჭარაში უკვე საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 3% გვაქვს. რაც კარგია და ნიშნავს, რომ უკვე სიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება, გურიაში ჯერ 7%-ია, თბილისშიც 7%, იმერეთში 9%, კახეთში 9%, რაჭა-ლეჩხუმში 12%. ამიტომ ითქვა ჯერ უარი სერიოზულ შემსუბუქებაზე.
სულ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში არის 7,3%, ეს სერიოზული შემცირებაა. ეს მაჩვენებელი ნოემბრის ბოლოს გვქონდა 30%-ზე მეტი. ჩვენ კიდევ უფრო დავმშვიდდებით თუ დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ჩამოგვივა. რაც უკვე აჭარაში გარკვეულად მიღწეულია და ამიტომ იქ შემსუბუქების მხრივ უფრო თამამი ღონისძიებები გატარდება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.