ქობულეთის მერიაში "თავისუფლების კვარტალი" ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ფრაქციის კაბინეტში გაიხსნა

12 იანვარი 2021, 11:58 1280 ნახვა

ქობულეთის მერიაში "თავისუფლების კვარტალი", ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ფრაქციის კაბინეტში გაიხსნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამუშაო სივრცე დაეთმოთ ახალგაზრდებს, რომლებიც მოქალაქეებს მიიღებენ და მათი პრობლემების შესახებ მოისმენენ.

რატომ გადაინაცვლა, ე.წ თავისუფლების კვარტლის სამუშაო სივრცემ ქუჩიდან კაბინეტში? მედიის ამ კითხვაზე ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მწირი რესურსიდან გამომდინარე მიიღეს.

''გადავწყვიტეთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გახსნილიყო ''თავისუფლების კვარტალი'', ანალოგიური მიზნებით და ამოცანებით, რაც არის ბათუმში. დღეს გაიხსნა ქობულეთში და ახალგაზრდა აქტივისტებმა ჩაიბარეს ეს სივრცე. საკრებულოს და ფრაქციის ოთახები არის ის სივრცე სადაც არის ინტერნეტი, აქ ახალგაზრდებს შეეძლებათ სხვადასხვა მასალების მოპოვება და ა.შ. მუნიციპალიტეტებში გადმოსვლა ნიშნავს იმას, რომ დამატებით შეისწავლიან აქ არსებულ მდგომარეობას, გაეცნობიან ბიუჯეტს, თუ როგორ იპარავს ხელისუფლება ადგილობრივ თანხებს.  თანხას, რომელიც მოსახლეობას უნდა ხმარდებოდეს'' - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ქობულეთის მერიის დაცვის სამსახური ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს და აქტივისტებს შენობაში არ უშვებდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა. 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ''თავისუფლების კვარტალში'' საპროტესტო აქცია 72 დღეა მიმდინარეობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი