35 მეხანძრე-მაშველი აქრობს ხანძარს ქედაში, სოფელ ზედა ბზუ-ბზუში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტისგან შორს ეკალ-ბარდს უკიდია. აჭარაში მხოლოდ ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. თუმცა ქვეყანაში ჯამში ხანძრის 5 აქტიური კერაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამეგრელოში არსებული 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე კი ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭაში ორი კერიდან ერთია ლიკვიდირებული. იმერეთში 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. ასევე გურიაშიც. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ, რადგან ძლიერი ქარი ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს.