სტრატეგია "აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.
„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიცური შეთანხმება და მისი უშუალო მონაწილეობით, დამიყენეს ოპონენტად კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა. ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30% რომელმაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე, ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან!
ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება.
მე მინდა ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და თქვენ გინდათ მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედეგს - საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება ოპოზიციაში განხეთქილებას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. ჰკითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გააკეთა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანობა. ასეთი ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან. ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა ერთად ან ვერ შევთანხმდებით, მორჩა და დამთავრდა!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.