ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში პოლარიზაციის დაძლევისკენ მოუწოდებენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საჭიროა პოლიტიკური ჩიხის გადალახვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.
მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორის, ილონა ჰოქსას განცხადებით, საჩივრების განხილვის შემდეგ ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი და შევიდეს პარლამენტში.
სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა პია კაუ-მამ კი მხარეებს სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. განცხადება გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემაც.
ამერიკელი კონგრესმენის რიჩარდ ჰადსონის თქმით, პოლიტიკურ ჩიხში მყოფმა მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ, რადგან პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. მისივე განმარტებით, საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.