იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ვიზიტს განაგრძობს.
დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია ანსამბლ ბასიანის კონცერტი. იუნესკოს კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ქართული კუთხეც, სადაც სხვადასხვა სტენდების სახით წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე 8 ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართული ღვინო.
საერთაშორისო კონფერენციის 43-ე სესია წუხელ სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა, მან საქართველოსა და მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
მაკა ბოჭორიშვილმა იუნესკოს 194 წევრი ქვეყნის 3000-ზე მეტი დელეგატის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დელეგაციის წევრებთან ერთად ორმხრივი აუდიენცია გამართა. შეხვედრა შედგა იუნესკოს გენერალურ პრეზიდენტთანაც.