მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მკაცრი რეკომენდაციაა ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში,მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ.
''ამ მეთოდს ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის დროს, საბჭომაც მიიღო გადაწყვეტილება. მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ამას მოითხოვს, ეს გახლავთ: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი გარე სივრცეებში პირბადის ტარების. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
იმედი მაქვს, რომ პოლიციის რესურსის გამოყენება არ დაგვჭირდება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. გთხოვთ ამას გაგებით მოეკიდოთ. დავიცვათ ეს წესები, შემდეგ რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეში პირბადის ტარებაზე ჯარიმის დაწესება'' - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი კი მოქალაქეებს მოუწოდებს ატარონ პირბადე, რადგან მეტწილად ამაზე არის დამოკიდებული ინფიცირების შემთხვევების ზრდა.
''პროგნოზებიდან გამომდინარე ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცირება და გამოიყენონ პირბადე, რომელიც ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში. რთულია ვთქვათ ეს რიცხვი იქნება დღეში 3000 თუ 5000, ვინაიდან ჩვენ ვართ დამოკიდებული 3 მილიონ 700 ქართველი მოქალაქის კეთილსინდისიერებაზე.
ქუჩებში გამოჩნდნენ პატრულები, რომლეიც მოსახლეობას ახსენებენ, რომ მნიშვნელოვანია პირბადის სწორად გამოყენება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.