სრულიად საქართველოს ვულოცავ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის მორიგ ისტორიულ გამარჯვებას. დღევანდელი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას დაეკისრა საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ძამაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ლოგიკური გაგრძელება იმ ისტორიული გამარჯვებისა, რომელიც საქართველომ მოიპოვა ჯერ დეპორტირებულების, შემდეგ უკვე 2008 წლის ომის საქმეზე.
„ეს არის ძალიან მკაფიო ინდიკაცია, როგორ ახდენს საქართველოს ხელისუფლება მშვიდად, გონიერებით, თანმიმდევრულად ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და სუვერენიტეტის გამტკიცებას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა გამოიხატება არა მხოლოდ ცალკე აღებული ასობით მილიონი ევროს გადახდის კომპენსაციაში, არამედ თვითონ ამ გადაწყვეტილებების შინაარსში, რომელიც უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი დევნილების მათ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული, ასევე ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩვენს სამინისტროს მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარებოდა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილის განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ სამართლებრივ პოზიციებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გააგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.
„ეს გადაწყვეტილებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ ოკუპაცია არის განგრძობითი, მის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა ადამიანის უფლებები და ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, მას მაინც აქვს სამართლებრივი ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, გადაიხადოს კომპენსაცია და ყოველ გადაუხდელ დღეზე მას ეკისრება შესაბამისი ჯარიმა. გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და საქართველო, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული მინისტრთა კომიტეტის საქმიანობაში, რომ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდეს, მოიძებნოს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები მის აღსასრულებლად“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე