ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ფორმატის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე პრემიერის თქმით, ასეთი ქმედება განსაკუთრებით მიუღებელია კოვიდ პანდემიის პირობებში, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. პრემიერი ხაზს უსვამს ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, ხშირ შემთხვევაში ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა. ასეთ დროს ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა სრულად მიუღებელია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.