ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა აქცია გამართეს

11 სექტემბერი 2020, 13:24 1693 ნახვა

ქობულეთში, "ქართული ოცნების" ოფისთან საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა დღეს აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობას უნდა გადაედგა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მათ დასახმარებლად.

აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. ჯაბა ფუტკარაძემ სამშაბათამდე დრო ითხოვა. მინისტრის განცხადებით, პროცესი როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დაწყებულია.

"ყველა დონეზე ინფორმირებულია შესაბამისი უწყება და ჩართულია პრემიერის აპარატი, ასევე სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან. გამომდინარე იქედან, რომ სეზონი მეტ-ნაკლებად ვერ შედგა ისეთი წარმატებული, როგორსაც ველოდით და ელოდა მოსახლეობა. მიდის საუბარი წლევანდელი შენატანების, რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს"-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ჯაბა ფუტკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ორშაბათს 460 მეტი განცხადება შემოვიდა მოსახლეობისგან, რომლებიც სამშაბათს  ეროვნულ ბანკს და შესაბამის სამსახურებს დასამუშავებლად გადაეცა. მისივე თქმით, მიმდინარეობს დამატებითი სიების შედგენაც, რომლის ვადაც ჯერ არ არის ამოწურული. ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოსახლეობას გვერდში დაუდგება.

აქციის მონაწილეების თქმით, რომ შეხვედრები-შეხვედრისთვის არ უნდა ტარდებოდეს და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

"მინისტრისგან ახალი არაფერი გაგვიგია, მოვისმინეთ ისევ და ისევ დაპირებები, რომლებიც იმედია განხორციელდება"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეხვედრას ესწრებოდა  უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, მისი განცხადებით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მოსახლეობას, რადგან ქობულეთში ამ პანდემიის დროს ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა, მათ შორის საოჯახო სასტუმროების მფლობელები.

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელების ეს რიგით მე-6 აქციაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი