''მოგვეცით სწავლის უფლება'', ''გაითვალისწინეთ covid-19'', - აბიტურიენტები მეორად ჩარიცხვებს ითხოვენ 

08 სექტემბერი 2020, 15:56 2313 ნახვა

აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

''მოგვეცით სწავლის უფლება'', ''გაითვალისწინეთ covid-19'', ''გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები'', - აღნიშნული შინაარსის ტრანსპარანტები მიივიდნენ უმაღლეს სასწავლებელს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები აქციაზე. 

ისინი ამბობენ, რომ ბარიერი გადალახეს, მაგრამ სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად ქულები არ იყო საკმარისი. აქციის მონაწილეების თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს.

მეორადი ჩარიცხვები საქართველოში რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი უკვე დასრულებულია. მათივე ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვები აზრს მოკლებულია და არც წელს იგეგმება.

"აბიტურიენტებს სამ თვეზე მეტი ჰქონდათ იმისათვის, რომ გადაეხედათ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. პროგრამების დამატების საშუალება მათ მაშინაც კი ჰქონდათ, როცა შეიტყვეს საგამოცდო საგნებში მიღებული საბოლოო ქულებისა და ასევე თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული კონკურსის შესახებ.

მიუხედავად ამისა, მათმა ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე პროგრამა შეარჩია, სადაც მაღალი კონკურსი იყო და მიღებული ქულების გათვალისწინებით ვერ მოხვდა ამ პროგრამებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებია პროგრამების არჩევა აღარ არის ლიმიტირებული - აბიტურიენტებს განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ მათი არჩევა სურვილის, მიღებული ქულებისა და ამ პროგრამებზე არსებული კონკურსის გათვალისწინებით, შესაბამისად მეორადი ჩარიცხვები აზრს მოკლებულია და არც წელს იგეგმება"-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 500-მდე აბიტურიენტია ისეთი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ არჩეული პრიორიტეტების გამო უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში