კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.

24 აგვისტო 2020, 12:40 357 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს და პროგრამების არჩევისას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს სააპელაციო განაცხადების განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს კიდევ ერთი დღე ექნებათ იმისათვის, რომ შეიტანონ ცვლილებები პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:

• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულს კოეფიციენტს;

• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;

• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;

• გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);

• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და სხვ.

აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ ცენტრის რეკომენდაციაა, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.

ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენონ ღილაკი - შენახვა და ასევე გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში