არასერიოზული განცხადებაა - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას. ოპოზიციონერთა ნაწილი გახმაურებული საქმეების დროულად ვერ გამოძიების გამო, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
გიორგი გახარიას თქმით, ორივე საქმის გამოძიება ბოლომდე მივა. საუბარია გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალეიშვილის გარდაცვალების ფაქტებზე.
''შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვითი ნიშნები ამასტან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე საქმე სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერი მინისტრი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ამაზე გეგმები არის და საკანონმდებლო ცვლილებებიც მომზადებულია. გამოძიებასთან დაკავშირებით ვთქვი ის, რასაც ვამბობდი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება. ვთქვი და ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
რა თქმა უნდა გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის მთავარი, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. ეს ვიცით და კონკრეტული გეგმებიც გვაქვს. ეს ყველაფერი განხორციელდება.
მე ვთქვი, მაშინ როცა მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური პროცესებისთვის. ეს შესაძლებლობა, რომ არ მივცეთ ინტერპრეტირების , ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას და მედიას'' - განაცხადა პრემიერმა.