ვითხოვთ არსებული ფართის დაკანონებას ან ადგილმონაცვლეობას - აქცია აჭარის მთავრობასთან 

17 ივლისი 2020, 12:05 1525 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც  ქობულეთში, თავისუფლების ქ.#19-, #96-ში, ასევე მ. აბაშიძის ქ.#116-ში და გილაურის დასახლებაში თვითნებურად შესახლებულები არიან შეკრებილები. 

ისინი ფართების დაკანონებას ან ადგილმონაცვლეობას ითხოვენ. შიშობენ, რომ არსებული შენობები აუქციონზე გაიყიდება და ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან. 

აქციის მონაწილეები დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვენ. 

''მოგვაქციონ ყურადღება. ​რვა წლის განმავლობაში ათასი გაჭირვება ავიტანეთ. ახლა არ გაგვაუბედურონ. ვინმემ შენობა აუქციონზე რომ იყიდოს, უსახლკაროდ ვრჩებით. ან პირობა მოგვცენ, თუ ვინმე იყიდის, ღია ცის ქვეშ არ დაგვტოვებს . ბატონმა თორნიკე რიჟვაძემ შუამავლობა გაგვიწიოს. აქვს უფლება, რომ სადაც ვცხოვრობთ, გაგვიფორმოს ან სხვაგან მოგვცეს. ამ ეტაპზე სადაც ვართ, იმ შენობიდან თუ გამოგვყრიან, ეს უკვე მთავრობის სირცხვილი იქნება,'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

საპროტესტო აქცია გუშინ ქობულეთში, მერიის შენობასთანაც გაიმართა. თავისუფლების ქ.#19-ში მდებარე, ყოფილი სტატისტიკის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში შეიჭრნენ. 

მათი განცხადებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა. მათივე განმარტებით, დეპუტატი  არჩევნების შემდეგ  შენობიდან გამოსახლებით ემუქრება.

აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მივიდა. კახა შაშიკაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს 15:00 საათზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი