სად როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია

18 აპრილი 2020, 19:26 1853 ნახვა

ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის მზადება მიმდინარეობს. მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების ნაწილის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის, ნაწილი კი ეკლესიებში მრევლს 21:00 საათიდან ელოდება. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, იმ სასულიერო პირთა შორისაა, რომელმაც სააღდგომო ლიტურგიის მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მეუფის გადაწყვეტილებით, ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. სააღდგომო ლიტურგიისთვის მრევლი თვალის დევნებას პირდაპირი ეთერით შეძლებს. მოქალაქეები კი ტაძარში დილის 7 საათიდან მივლენ. ეკლესიაში მრევლიც და სასულიერო პირებიც პირბადეებით იქნებიან. სასულიერო პირები მოუწოდებენ მრევლს სიწმინდეებს პირბადეებით ემთხვიონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

დილით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებშიც, გამონაკლისი მარტვილის საკათედრო ტაძარი იქნება, რომლის ეზოში მრევლის ნაწილი მაინც შეიკრიბება. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგორი ლიტურგიას ღამის 11 საათიდან დაიწყებს, მეუფე მრევლს მოუწოდებს ღამით ტაძარში მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც ეზიარებიან.

ჩვეულებისამებრ დღეს ღამე ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარშიც. იგივე პოზიცია აქვთ სამების საკათედრო ტაძარში. აქ ამბობენ, რომ მრევლისთვის სპეციალური ნიშნულები როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე გაკეთებულია და შესაბამისად ისინი იცავენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს.

დღეს ღამე ტაძარში მრევლს ელოდება ალავერდელ მიტროპოლიტი. მისი განმარტებით იქ, სადაც ორი ან სამი მომლოცველი შეიკრიბება იქ არის თავად ქრისტეც.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ამბობს, რომ ეკლესიის კარი არავისთვის დაიხურება, თუმცა მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მრევლი სახლში დარჩება ეს ცოდვად არავის ჩაეთვლება.

საქართველოს მასშტაბით ეკლესიების ნაწილში სააღდგომო ლიტურგია დღეს ღამე 22:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი