ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ - ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ - ეს განცხადება ლევან რატიანმა გააკეთა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ერმა და ბერმა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს სოციალური დისტანცირების აუცილებლობა.
ლევან რატიანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ "თუ ასე გაგრძელდება "ღლიცინი", რასაც მისივე თქმით, ქვეყნის მოსახელობის უმეტესობა აკეთებს, ექიმების რესურსი არ ეყოფათ.
''დადგება მომენტი, როდესაც ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ.
ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვის ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამ ხრჩობის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ.
მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა, სადაც ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებები აქვთ, ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. ბატონმა პაატა იმნაძემ რატომ თქვა, იცით? უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. რადგანაც დავიჭირეთ, მხოლოდ სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ. ჩვენც ნუ დაგვხოცავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.