მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა - შესვენება გამოცხადდა

19 თებერვალი 2020, 10:37 2384 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შესვენება გამოცხადდა. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.  

ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, მრჩევლებმა კი ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ განცხადებების გაკეთებას მოგვიანებით შეძლებდნენ. 

''თუ მუშაობაში ხელისშეშლა იქნება იძულებული ვიქნები მივიღო სხვა ზომები. ეს არის უკანონო ქმედება და წესრიგისკენ მოგიწოდებთ'' - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა. 

პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, თუ მრჩეველთა საბჭო ამ რეგლამენტით დაიწყებდა მუშაობას, მათ კითხვის დასმის საშუალება არ მიეცემოდათ. 

''დღის წესრიგზე მინდა რამდენიმე წინადადება ვთქვა, სულ სამი წუთი მინდა, ამის უფლება თქვენ გაქვთ. სხდომა, რომ დასრულდება და მაუწყებლის ბედი გადაწყდება მერე არ გვინდა. სხდომა, აქ რომ ჩატარებულიყო წერილობით მოგმართეთ, მადლობა რომ დათანხმდით და აქ იკრიბებით. მრჩეველთა საბჭომ გვინდა ვუთხრათ, რომ კონკრეტული საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იყოს. ეს თანამშრომლებთან შეთანხმებული არ არის. მიდგომა, რომ კანონში ასე წერია, ასე მინდა და ჩემსას გავიტან ნაციონალური მოძრაობის დროს იყო '' - უპასუხა გიგა ჩხარტიშვილს მალხაზ რეხვიაშვილმა. 

ცნობილია, რომ დღის წესრიგში მესამე საკითხადაა ჩანიშნული საშტატო ერთეულების გაუქმება, რასაც ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ეწინააღმდეგება. 

 

 ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.

ცვლილება ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.

თითების თეატრში, სადაც სხდომა იმართება იმყოფებიან მესამე სექტორის წევრები, მაუწყებლის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 

დარბაზში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ და ცდილობენ რეპორტიორს მუშაობაში ხელი შეუშალონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში