,,საბურთალომ'' ახლადდანიშნული მწვრთნელი სეზონის დაწყებამდე გაუშვა

13 თებერვალი 2020, 13:20 1628 ნახვა

ეროვნული ლიგის კლუბმა თბილისის ,,საბურთალომ’’ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე დანიშვნიდან დაახლოებით ერთ თვეში გაანთავისუფლა. ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ,,საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა.

"ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!’’- წერია განცხადებაში.

‘’საბურთალოში’’ ახალი მწვთნელის დანიშვნამდე კლუბს თემურ შალამბერიძე გაწვრთნის.

თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.

ცეცაძე გუნდში ჭიაბრიშვილის წასვლის შემდეგ მოვიდა. მწვრთნელს ახალ კლუბთან ერთად ოფიციალურიც არ ჩაუტარებია. რა გახდა ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი, კლუბის განცხადებაში არ წერია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ეს უკავშირდება კლუბში ბოლო კვირაში შექმნილ სიტუაციას. ,,საბურთალოს’’ შემტევს გიორგი კოხრეიძეს მოსთხოვეს 10 ნომრიანი მაისური კლუბის ახალწვეულის გიორგი ჭანტურიასთვის დაეთმო , ხოლო გაგი მარგველაშვილს კაპიტნის სამკლაური გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ერთი კვირის წინ კლუბი ასევე დატოვა სპორტულმა დირექტორმა ლევან სეთურიძემ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში