ქალაქში ურბანული ქაოსია, არის ადგილები, რომ არ იყოს უკეთესია - ბათუმის მთავარი არქიტექტორი

02 თებერვალი 2020, 09:33 2236 ნახვა

''ეს ურბანული ქაოსია, რაც დამკვიდრდა და ამის უარყოფა არც ყოფილა. არის ადგილები, რომელიც რომ არ იყოს უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ბევრჯერ ვთქვი, რომ ამ შენობებს ვერავინ ვერ ამოიღებს და გადადებს სადღაც“- ამის შესახებ ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გუშინ „მთავარში“ განაცხადა.

მირიან მეტრეველის განმარტებით, სიტუაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ამოქმედებულმა რეგულაციებმა  შედარებით გამოასწორა.

„დაახლოებით ორი წელია მოქმედებს K2 კოეფიციენტის გაზრდის რეგულაციები, რომელმაც შენობების შეუზღუდავი გაზრდა აკრძალა. ამ ყველაფერმა მშენებლები აიძულა, უფრო მასშტაბურად შეეხედა ამ ყველაფრისთვის. ამოქმედებულია რეგულაცია, რომელიც მშენებელს სთხოვს, რომ ფაქტიურად მთელი კვარტალი დააგეგმაროს და ამის შემდეგ მიმართოს მუნიციპალიტეტს. ჩემი აზრით ეს მშენებლობებს შეამცირებს და უფრო ზომიერ ფარგლებში მოაქცევს'' - განაცხადა მირიან მეტრეველმა.

ბათუმის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ქალაქში შექმნილ სამშენებლო ქაოსს ლოიალური კანონმდებლობით ხსნის. ამბობს, რომ ამგვარმა მიდგომამ მშენებლები წაახალისა. მისივე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრებას მიესალმება.

„ ამ ლოიალურმა კანონმდებლობამ შექმნა წახალისება სამშენებლო კუთხით. როგორც მშენებლების, ასევე მოსახლეობის მოლოდინი იყო, რომ მშენებლობა ყოფილიყო აქტუალური, საქართველო რეიტინგებში უნდა ყოფილიყო მოწინავე ადგილას, ნებართვების გაცემის კუთხითაც და ა.შ. პოლიტიკური ხედვა ადრე ამ კუთხით ასე მიდიოდა მთელ საქართველოში. თუმცა ნელ-ნელა კანონმდებლობა წავიდა გამკაცრებისკენ და შეზღუდვები ამოქმედდა“

ბათუმის მთავარი არქიტექტორი სწორედ მოქმედი ლოიალური პოლიტიკით ხსნის იმ გარემოებას, რომ თავდადებულის #48-ში უკანონოდ აშენებული 8 სართულიანი კორპუსი, რომლის დემონტაჟი მისივე თქმით, მერიის პრესტიჟის საქმეა, 3 თვის შემდეგაც არ მომხდარა.

მირიან მეტრეველმა ბათუმის რევიერაზე დაგეგმილი ცათამრჯენების მშენებლობაზეც ისაუბრა. განმარტა, რომ მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით ''რივიერასთან'' დაკავშირებით კანონის ყველა პუნქტი  დაცული იყო.

„ბათუმის მერია იღებს პასუხისმგებლობას,რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეკოლოგიურ საფრთხეებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა სპეციალისტებმა. კანონმდებლობით რაც არ არის დადგენილი მერია ამის იძულების წესით მოთხოვნის ვალდებულებას ვერ დააყენებდა.რაც საჭირო იყო კომპანიისგან ყველა დოკუმენტაცია იქნა მოთხოვილი“-განაცხადა ბათუმის  მთავარმა არქიტექტორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი