უკვე წლებია ბათუმის სხვადსხვა უბანში, ადამიანთა ჯგუფი ან კომპანიის წარმომადგენლები დადიან, ისინი ქალაქში მერიის სამსახურის ან ქვეკონტრაქტორის სახელით მოქალაქეებს სადარბაზოების დეზინფექციაში ყოველთვიურ გადასახადს სთხოვენ. ისინი თანხას კარდაკარ აგროვებენ.
მეტი დამაჯერებლობისთვის კონკრეტულ ბინაში სამკერდე ნიშნით და დეზინფექციის აპარატის მქონე პირთან ერთად მიდიან. დღეს, ისინი ლერმონტოვის 105 ნომერში იყვნენ.
დათო ტრაპაიძე ყვება, რომ ჯერ გაეცნენ როგორც მერიის ქვეკონტრაქტორები და მოსთხოვეს 15 ლარი. უთხრეს, რომ 5 ლარი მიმიდინარე თვის იყო, ხოლო 10 ლარი, გასული ორი თვის დავალიანება.
"ჯერ ვკითხე, რომელი ორგანიზაციიდან იყვნენ, მერიიდან ვართო... რომ ვუთხარი მერიას უფასოდ აქვსთქო, რა შუაშია, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია ვართო. მოკლედ, მოვთხოვე ხელშეკრულება ეჩვენებინათ და რად გინდათ ხელშეკრულება, მე ვარ მენეჯერი და გეუბნებიო..." - გვიყვება დათო. ამბობს, რომ თანხა არ გადაუხდია, თუმცამისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ აძლევენ უწყებები ასე ღიად მოქალაქეების გაბითურების საშუალებას.
"თუ კანონი არ ირღვევა იმით, რომ კერძო კომპანია ნებაყოფლობით გთავაზობს დეზინფექციას და შენ ამაში უხდი ფულს, ეს ის შემთხვევა არ არის. მაშინ, რა დავალიანებაზე მესაუბრებიან თუ ნებაყოფლობითია? ან ხელშეკრულება უნდა ჰქონდეთ ამხანაგობასთან. რატომ არ აქვს ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირება, ბევრი ტყუვდება და თაღლითობით ართმევენ თანხას" - ამბობს დავით ტრაპაიძე.
ბათუმის მერიაში ამ საკითხზე არაერთხელ გააკეთეს განმარტება. მერია პროექტის ფარგლებში, თვეში ორჯერ სადარბაზოებს წამლავს და ეს მოქალაქეებისთვის უფასოა. თუ მოქალაქეს დამატებით უნდა შეწამვლა, ამ შემთხვევაში იძახებს კერძო კომპანიას ან "სანდასუფთავებას" დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ.
სხვა შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის თანხის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.