თურქეთის სამხედრო ავიაციამ 181 ობიექტი დაბომბა - ერდოღანი ევროპას აფრთხილებს

10 ოქტომბერი 2019, 20:06 2079 ნახვა

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. თურქეთმა საჰაერო დარტყმების შემდეგ, სახმელეთო ინტერვენციაც დაიწყო. უკვე ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების დაღუპვის თაობაზე. საპასუხო შეტევის შედეგად დაღუპულები ჰყავს თურქულ მხარესაც.

ფაქტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა, რასაც თურქეთის პრეზიდენტმა დაახლოებით ასე უპასუხა - თუ, ევროპული ქვეყნები კვლავ განაგრძობენ ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა მილიონობით სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს. არადა მსოფლიოში შესაძლო ჰუმანიტარულ კატასტროფასა და გენოციდზე საუბრობენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ცნობილია, რომ სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე ტრამპმა ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანა. თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ ამერიკა ამ მოქმედებებში არ ჩაერევა, მაგრამ თუ ერდოღანი ზღვარს გადავა, ისინი თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებენ.

ოპერაციის შეწყვეტისკენ ერდოღანს უკვე მოუწოდებენ ევროპელი ლიდერები. „შეჭრა იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას დაამძიმებს, მათი მდგომარეობის აღწერა კი, უკვე სიტყვებით შეუძლებელია“, – ამ სიტყვებით მიმართა ერდოღანს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში