ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო საოფისე ავეჯს ყიდულობს.
რბილ სავარძლებში, რომლებსაც მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ტყავის ზედაპირი, მეტალის ფეხი, გორგოლაჭები, რწევის რეჟიმი, სიმაღლისა და წონის რეგულირების მექანიზმი უნდა ჰქონდეს, საკრებულოს წევრები განთავსდებიან.
მსგავსი მახასიათებლების 13 სავარძლის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. სავარძლებისთვის 4 600 ლარია გათვალისწინებული.
ხულოს მერიის შესყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ სავარძლები საკრებულოს სხდომათა დარბაზში განთავსდება. მათი თქმით, სკამების ნაწილი მოძველებული და ამორტიზირებული იყო. საკრებულოს სხდომების გარდა, დარბაზში ბიუროს სხდომებიც და სხვა ტიპის შეხვედრებიც იმართება და არასაკმარისი რაოდენობის სკამები პრობლემას წარმოადგენდა - ამბობენ მუნიციპალიტეტში.
"ტენდერი ისეთივე სკამებზე გამოცხადა, როგორებიც დარბაზშია განთავსებული, იმისათვის, რომ ყველა სკამი ერთნაირი ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, 28 სკამის შესყიდვა მოგვიწევდა და საკრებულოს ყველა წევრისთვის ახალი სავარძელი უნდა შეგვეძინა,"- ამბობენ მერიის შესყიდვების სამსახურში.