"გამოწვევები ეკონომიკაში ბევრი გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი" - გიორგი გახარია

03 ოქტომბერი 2019, 10:19 1338 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა  გაგრძელდება იმისათვის, რომ 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ეს აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მისივე თქმით, გამოწვევები ეკონომიკაში ჯერ კიდევ ბევრია, მაგალითად ლარის კურსი.

"გამოწვევები ეკონომიკაში ბევრი გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის სოციალურ  ყოველდღიურობაზე. მინდა ავღნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობას და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განაკვეთის ზრდის, ინტერვენციების მიმართულებით, ასევე უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე სრულად მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მხრიდან.

"ეს კიდევ ერთხელ მიცემს საშუალებას მოსახლეობას ვანახოთ, თუ როგორ კოორდინირებულად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მლნ. სავალუტო რესურსი, რაც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას, ამისთვის საქართველოს მთავრობა მომდევნო კვირიდან დაიწყებს შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის წინ.

გიორგი გახარიას განმარტებით 2020 წლის ბიუჯეტი ერთობლივი მუშაობის შედეგად დაბალანსებულია და მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი