ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

30 სექტემბერი 2019, 10:19 4827 ნახვა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დადგენილება, ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმის შესახებ.  

''სასამართლომ გადაწყვიტა, ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პირველი დადგინდეს ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის მიმართ. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკითხის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე. 

მეორე: ბათილად იქნას ცნობილი სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე უარი თქმის შესახებ, ბათუმის მერიის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ 5 მაისის მიღებული გადაწყვეტილება. 

ბათუმის მერიას დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის განცხადებაზე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საჭირო გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნასთან დაკავშირებით'' - განაცხადა მოსამართლემ. 

სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. ''ეს არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ. 

ჯუმბერ ბეჟანიძემ ასევე თქვა, რომ რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი ეტაპის გავლა საჭირო. ნებართვას ბათუმის მერია გასცემს და არა სასამართლო. 

მოსამართლემ სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განაცხადა, რომ აღნიშნულ ზონაში სადაც, ფონდს ახალი მეჩეთის მშენებლობა სურს, რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიაა, მათ შორის სამი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ქალაქის ხელმძღვანელობას კი მშენებლობაზე მაშინ უარი არ უთქვამს. 

''იმავე ზონაში, სადაც ფონდი ითხოვდა მეჩეთის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობაა. საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ გარშემორტყმულ ადგილებში. აღსანიშნავია, რომ მათგან სამი უშუალოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. შესაბამისად გვაქვს ასეთი ფაქტობრივი მოცემულობა. როდესაც ერთი მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს არ უშლის ერთი რელიგიის წარმომადგენლებს. გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ხდება მის კუთვნილ მიწაზე მშენებლობა, ხოლო მეორე მხრივ სხვა რელიგიის მიმდევრებს და გაერთიანებას საკუთარ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის მშენებლობის პირობების დადგენაზე მერია ურას ეუბნება. ამის შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება მერია თანაბრად ეპყრობა რელიგიურ გაერთიანებებს'' - თქვა მოსამართლემ.  

სხდომას ბათუმის მერიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ უკვე 2 წელია დაობს. დავის საგანი, 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმების მიერ ბათuმის ცენტრალურ ნაწილში შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარის თქმაა. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ მერიის მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია. 

სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში